demirelჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ხშირად უკავშირებენ ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო მოღვაწის, ფეთჰულა გიულენის სახელს, ცილისწამებას უწოდებენ  ბოლო დღეებში მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

ამის შესახებ დემირელის სახელობის კოლეჯისა და მისი პარტნიორი სკოლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგობის სახელის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა „ტერორიზმი“ და „ექსტრემიზმი“.  ჩვენ სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი ღია და გამჭვირვალეა. სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით,“ – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ამერიკაში მცხოვრები გიულენი დაადანაშაულა,  ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა თქვა, რომ გიულენის მოძრაობის მიმდევრები „აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს საკუთარი სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომლებიც ემსახურებიან არა სახელმწიფოს, არამედ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას და, სამწუხაროდ, ამ დაჯგუფების სკოლები საქართველოშიც არის“.

კონსულმა ამის შესახებ ბათუმის ორ ტელეკომპანიასთან „ტვ 25“-თან და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 16 ივლისს ისაუბრა.

მან კონკრეტულად დაასახელა რეფადინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“, რომელიც ბათუმში დაახლოებით 20 წლის წინ გაიხსნა და ქართველ მშობლებს მოუწოდა, რომ შვილები ამ სკოლაში არ მიიყვანონ.

ამის შემდეგ, თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, რომ  კონსულის განცხადების „არასწორი ინტერპრეტაცია“ მედიამ მისცა.

„არც მას და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ამ სკოლის კურსდამთავრებულები არიან ტერორისტები. ეს სრული გაუგებრობაა,”- განაცხადა ელჩმა 18 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგი გიგიაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, გიულენის სახელთან დაკავშირებული სკოლების დახურვის მოთხოვნით განცხადებები ქართველმა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს. კერძოდ, რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილმა,  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძე ხუთშაბათს, 21 ივლისს  გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დახუროს ყველა სასწავლო დაწესებულება, რომელიც “ფეთჰულაჰ გიულენის ფონდს” უკავშირდება.

დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორის მოადგილე ნინო კავთიაშვილი რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას აცხადებს, რომ სრულიად უსაფუძვლოა ბრალდებები, რომლებიც შეეხება სკოლების დამფუძნებლების შესაძლო კავშირს ფეტჰულა გიულენთან.

„თუ ოდესმე დამფუძნებლები იდეურად კავშირში იყვნენ ამ პიროვნებასთან, არ ვიცი. მე არ ვიცნობ ამ პიროვნების იდეოლოგიას, მაგრამ, როგორც მსმენია, ის სასულიერო პირია, რომელიც ქადაგებს განათლების მნიშვნელობას, სიღარიბის დაძლევაზე ლაპარაკობს და დემოკრატიული იდეების გავრცელებაზე ზრუნავს. ვფიქრობ, მასთან ჩვენი სახელის დაკავშირებას უფრო პოლიტიკური სარჩული აქვს. ეს ამბავი ზოგიერთმა არაკეთილმოსურნე პოლიტიკოსმა გამოიყენა და ჩვენს სკოლებთან დააკავშირა, რადგან მათი დამფუძნებლებიც თურქები არიან,” – განაცხადა ნინო კავთიაშვ ილმა.