constitution croppedკონსტიტუციის გადასინჯვისთვის კომისია მომავალ კვირას დაკომპლექტდება. ის 30 აპრილამდე იმუშავებს და მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ეს გადაწყვეტილება ორშაბათს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა, რითაც „ქართულმა ოცნებამ“ უარყო პრეზიდენტის ინიციატივა, რომ კომისიას სამი თანათავმჯდომარე ჰყოლოდა – პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ამას გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის დიდი უკმაყოფილება და „ქართული ოცნების“ მხრიდან საპასუხო კრიტიკაც მოჰყვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ფორმატთან დაკავშირებით ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილების მიიღება ეჭვს ბადებს, რომ შინაარსობრივი თემებიც ერთპიროვნული და ერთპარტიული იქნება.

ის აღნიშნავს, რომ სწორედ პრეზიდენტია კონსტიტუციის გარანტი და ის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. შესაბამისად, გაცილებით მაღალი სანდოობა და ლეგიტიმაცია ექნებოდა ამ კომისიას და არ გაჩნდებოდა კითხვები, რომ იგი მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი შეიძლება ყოფილიყო.

ამ გამონათქვამს „არაკორექტული“ უწოდა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ.

„რაც შეეხება საკონსტიტიციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციის საკითხს, საერთოდ არ მესმის ეს სიტყვა რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან – ლეგიტიმაციის კუთხით არანაიარი პრობლემა არ შეიქმნება,“ – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ორშაბათს დილით ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის კომისიის ფორმატთან დაკავშირებით სხვადასხვა შეთავაზებები იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში შეჯერდნენ იმავე ფორმატზე, რა ფორმატითაც ის სამი წლის წინ შეიქმნა.

„კომისია მუშაობას შეუდგება მიმდინარე წლის ბოლომდე და იმუშავებს მომავალი წლის 30 აპრილამდე. რის შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები,“ – აღნიშნა კობახიძემ.

პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ძალიან დასანანია, რომ კობახიძემ, „ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, პირველი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწროპარტიული თუ ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე”.

„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილების გამო საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ კვლავ გრძელდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  ირაკლი აბესაძე მომხდარს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ოპოზიციის კრიტიკა გაუგებარია მმართველი გუნდისთვის.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ კომისია არსებობდა ადრე, მაგრამ პრეზიდენტი არასდროს ყოფილა პროცესის ხელმძღვანელი, ამიტომაც მისთვის „სრულიად გაუგებარია ახლა რატომ გახდა ეს თემა და რატომ მიიჩნევს ვიღაც, თითქოს ამით რამე კნინდება“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით კი პრეზიდენტმა კონსულტაციების გარეშე დააყენა საკითხი, რომ თანათავმჯდომარე თავად ყოფილიყო.

ამბობს, რომ პრეზიდენტს კომისიაში ორი წარმომადგენლის მივლინების უფლება აქვს, პლუს უშიშროების საბჭოს მდივანიც უნდა იყოს ჩართული და გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციამ პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობაზე უარის მიღების გამო ამ თანამშრომლობაზე უარი თქვას.

თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე თავს შეიკავებენ, რადგან ის პოლიტიკურ ნდობასა და საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას მოკლებულია და ასევე „აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე“.