Anti-Gazprom Demonstration in Tbilisi March, 2016 (DFWatch)

გაზპრომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია თბილისში, 2016 წლის მარტი (DFWatch)

საპარლამენტო უმცირესობა გაზპრომის საკითხზე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. თავად კომპანია კი ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ  რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.

„მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 მილიარდი კვ/სმ გაზის ტრანსპორტირების საფასურის გადახდისა და საქართველოში გაზის მოქნილი პირობებით, 2016 წელთან შედარებით, 1000 მ3-ში 30 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად მიწოდების გარანტორად გამოდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

თემამ სკანდალი მაშინვე გამოიწვია, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომის შემოთავაზებას დათანხმდა. სპეციალისტებიცა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამტკიცებენ, რომ ამგვარი ცვლილება საქართველოს ინტერესებში არ შედის. მითუმეტეს, რომ სამინისტრო საკმაოდ ბევრ დეტალს არ ახმაურებს.

გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აზრით,  ის ვერსიაა, რომელიც რუსეთს აწყობდა.

„ ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება ნაციონალურ ინტერესებს. ეს არის პრობლემური როგორც ენერგოუსაფრთხოების მხრივ, ასევე ეკონომიკურად არის წამგებიანი”, – განაცხადა სერგო რატიანმა, რომელიც ხუთშაბათს თანამოაზრეებთან ერთად ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო.

მოგეხსენებათ, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველო, ამ დრომდე, გაზპრომისგან გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა და ამიერიდან ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.