burjanadze-nino_croppedნინო ბურჯანაძე 18 აგვისტოს მოსკოვიდან დაბრუნდა და როგორც თავად განაცხადა, რუსეთის დედაქალაქში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს და გადაწყვეტილების ერთერთ მიმღებ პირს, სერგეი ნარიკინს შეხვდა. მთავარი განსახილველი საკითხი კი მის ინიციატივასუბლოკო სტატუსს ეხებოდა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკური გაერთიანება „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წინასაარჩევნო დაპირებაა, კონსტიტუციაში შევიდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანება აიკრძალება. კონკრეტულად კი ამ ინიციატივით საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებაზე უარი უნდა თქვას.

მოსკოვიდან ჩამოსვლისთანავე ბურჯანაძემ ამ ვიზიტის შეასაფასებლად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სერგეი ნარიშკინთან შეხვედრისას საუბარი  შეეხო შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რეგიონს და ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. ისაუბრეს უბლოკო სტატუსის ინიციატივაზეც, რამაც, მისი თქმით, „ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია“.

„ეს იდეა ნამდვილად საინტერესო სიახლე იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის. ისინი, ბუნებრივია, დაინტერესდნენ და დამეთანხმნენ იმაში, რომ აღნიშნულ საკითხს ნამდვილად შეუძლია გახსნას ახალი შესაძლებლობები რუსულ-ქართული მოლაპარაკებების თვალსაზრისით“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივა მისი პარტიის 10-კაციანმა ჯგუფმა პარლამენტს ორშაბათს, 15 აგვისტოს, უკვე წარუდგინა და ინციატივის დარეგისტრირების შემდეგ „დემოკრატიული მოძრაობა“ ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებენ. 4 თვის განმავლობაში 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, რომელზეც შემდეგ დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსს მომხრეები დღევანდელ პარლამენტშიც ჰყავს, იგივე „მრეწველები“ და „ქართული ოცნებიდან“ ორი თვის წინ  წინ წამოსული თამაზ მეჭიაური, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ამგვარი საკითხის კონსტიტუციაში ჩაწერა საჭირო არ არის და ინიციატივას არ ემხრობიან.

საგულისხმოა ისიც, რომ ბურჯანაძის ინიციატივის საპირწონედ, პარლამენტში თავისი წინადადება წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ დავით უსუფაშვილმა, რომელიც მოითხოვს, რომ კონსტიტუციის პრეამბულას დაემატოს ჩანაწერი ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის შესახებ ამგვარი ფორმულირებით: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“.

„ქართულ ოცნებაში“ არც ბურჯანაძის და არც უსუფაშვილის ინიციატივას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ამ პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას ემსახურება.

ცნობისათვის, 2008 წელს ჩატარებულ პლებისციტში საქართველოს მოსახლეობის 77%-მა ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.