აფხაზეთში 2017 წლის მანდარინის სეზონი დაიწყო და მიუხედავად სოხუმის რეჟიმის მცდელობისა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში იმპორტირებული მანდარინის მოცულობა 2,7-ჯერაა შემცირებული. ასევე შემცირებულია ფეიხოასა და ხურმის ექსპორტიც.

როგორც აფხაზური მედია წერს, ამის მიზეზი ცუდი მოსავალი იყო. მანდარინისა და ხურმის პლანტაციები აზიური ფაროსანას (აფხაზეთში მას მარმარილოს ბაღლინჯოს ეძახიან) შემოსევამ სერიოზულად დააზიანა.

აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წელს დაახლოებით 16 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, გასულ წელს კი მარტო რუსეთში 27 ათასი ტონა გაიტანეს. მავნებლის შემოსევის გამო შიშობენ იმასაც, რომ მომავალი წლის მოსავალი კიდევ უფრო ნაკლები იქნება.

სოჭის საბაჟო პუნქტის მონაცემებზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სეზონის დასაწყისში აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის იმპორტი,  2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,7-ჯერაა შემცირებული.

როგორც საბაჟოს პრეს-სამსახურში აცხადებენ, წელს ადლერის საავტომობილო გამშვებ პუნქტზე გაფორმებულია დაახლოებით 1,5 ათასი ტონა მანდარინი, მაშინ როდესაც  გასულ წლის სასოფლო-სამეურნეო ანალოგიურ სეზონზე საშუალოდ 4 ათასი ტონა იყო გაფორმებული.

მანდარინზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია საახალწლო დღესასწაულების წინ და  სოხუმში იმედოვნებენ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში მოთხოვნა გაიზრდება.

როგორც abkhazinform.com-ი  წერს, სოხუმის რეჟიმის საბაჟო კომიტეტის მონაცემებით 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით ასევე შემცირებულია ფეიხოას ექსპორტიც. 2017 წლის 1-ელ დეკემბრამდე გატანილია 74 810 კგ,  2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი გატანილი იყო 210 417 კგ. ასევეა ხურმაც, წელს გატანილია 79 046 კგ, ხოლო 2016 წლის 1-ელ დეკემბრამდე გატანილი იყო 249 708 კგ.

არადა წელს ციტრუსისა და საერთოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში იმპორტის გასაზრდელად შეიქმნა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საექსპორტო კომპანია „აფხაზპროდექსპორტი“. გასულ ხუთშაბათს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ამ კომპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ​”უცხოურ ბაზარზე აფხაზური სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეუფერხებელი დაშვების უზრუნველყოფას“, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც ეწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია ადამიანებს ქვეყნის გარეთ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გატანას გაუადვილებს, საზღვარზე აღარ მოხდება დატვირთული მანქანების შეფერხება და ეს აფხაზეთის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.

აფხაზეთში კერძო მოვაჭრეები და მთლიანად სეპარატისტული რეჟიმი შეშფოთებულები არიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბალი რეალიზაციისა და მოსავლის კლების გამო.

კომპანიამ ციტრუსის მიღება სექტემბერში დაიწყო, თუმცა დიდი მონდომების მიუხედავად თავად კომპანიის ხელმძღვანელიც არ მალავს, რომ პროდუქცია არ არის.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, ვისაც სურს პროდუქცია გაყიდოს, ჩვენს მომსახურებას გამოიყენებს,” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, კომპანია ერთ კგ მანდარინში 22-დან 32 რუბლამდე იხდის და ახლა მთავრია პროდუქცია იყოს. ზოგადად, წელს აფხაზეთში ერთი კგ მანდარინის საბაზრო ფასი 25 რუბლიდან 40 რუბლამდეა (1-1,8 ლარი).