ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი დაკრძალეს, რომლებიც 1992-93 წლებში შეიარაღებული კონფლიქტისას დაიღუპნენ და ამ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ.

25 წლის ლოდინის შემდეგ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, ხოლო სამოქალაქო პირები საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს.

დასაფლავებამდე ჯერ დაღუპულთა ნეშტების იდენტიფიცირება მოხდა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება და გადმოსვენება 2013 წლიდან დაიწყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

მოძიებულია 325 ადამიანის ნეშტი, რომელთაგან 148 ადამიანი იდენტიფიცირებულია – 109 ქართული, 39 კი აფხაზური მხარის მებრძოლი. მიმდინარეობს 177 ადამიანის იდენტიფიცირების პროცესი. ჯამში, კონფლიქტისას 2 400-ზე მეტი ადამიანი ითვლება დაკარგულად ორივე მხრიდან.

„თითოეულ გადმოსვენებულს აქვს თავისი გმირობის ისტორია, ყოველი მათგანი გამორჩეული ადამიანი იყო. თითოეული მათგანი თავისი ნებით წავიდა ომში, წავიდნენ სამშობლოს დასაცავად და 25 წლის განმვლობაში ოჯახებმა არ იცოდნენ სად იყო მათი საფლავები,“ – განაცხადა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. „ეს პროცესი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მართლაც დაუღალავი მუშაობა და რომ არა აფხაზური მხარის კონსტრუქციული მიდგომა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ამოვდივართ ერთი მიზნიდან – აქ პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ თავიანთი შვილების, თავიანთი მშობლების საფლავზე მისვლა, იცოდნენ ეს ადამიანები სად არიან დამარხული“.

„დღეს კიდევ 22 ოჯახისთვის დასრულდა ხანგრძლივი გაურკვევლობა. სამწუხაროდ, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარულად ითვლება. ოჯახებს უფლება აქვთ იცოდნენ მათი ხვედრის შესახებ“, – აღნიშნა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბილიანა მილოშევიჩმა.