DSC_0302_copy_Duzagrama

დუზაგრამას გოგონების დიდი ნაწილი მე-9 კლასამდე თხოვდება და სკოლას თავს ამებებს. (DF Watch.)

17 წლის ფარიზ ალახვერდიანი სოფელ დუზაგრამას მეთორმეტე კლასში სწავლობს. ეს სოფელი ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

ალახვერდიანს სურს, რომ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბაროს და სტომატოლოგი გახდეს. იმისთვის, რომ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს, სკოლის ხუთი და ორი ეროვნული გამოცდა უნდა ჩააბაროს. ამისათვის კი  მოსამზადებლად დამატებით გაკვეთილებზე დადის.

„როცა სწავლას მოვრჩები, უკან დაბრუნება არ მინდა. თბილისში დავრჩები სამუშაოდ, აქ არ ჩამოვალ,“ გვითხრა მან.

ფარიზი, რომელიც დუზაგრამაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ამბობს, რომ მასთან ერთად კლასში კიდევ ხუთი მოსწავლეა, ვისაც სწავლის გაგრძელება დედაქალაქის უნივერსიტეტებში სურს. დანარჩენები ამბობენ, რომ უნდათ გახდნენ პოლიციელი ან მასწავლებელი, ან უბრალოდ ფერმაში იმუშაონ.

ფარიზის კლასში, სადაც თორმეტი მოსწავლეა, მხოლოდ ერთადერთი გოგონაა, რადგან ამ ადგილას გოგონები სკოლის ასაკში ინიშნებიან ან თხოვდებიან-ხოლმე. ფარიზს ოთხი თანაკლასელი გოგონა ჰყავდა, და ოთხივე სკოლის დამთავრებამდე გათხოვდა.

„არ არის ეს სწორი, რა თქმა უნდა. სკოლის მერე კიდევ შეიძლება. ჯერ კი უნდა ისწავლონ,“ ამბობს ფარიზი.

DSC_0269_copy_Duzagrama

ლელა ჯინჭარაძე და ფარიზ ახვლედიანი. (DF Watch.)

მასწავლებლები, რომლებიც დუზაგრამის სკოლაში ქართულს ასწავლიან, ამბობენ, რომ ნაადრევი ქორწინება სოფლად მცხოვრებ აზერბაჯანულ თემში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა.

ლელა ჯინჭარაძე, რომელიც უკვე ხუთი წელია ამ სკოლაში ქართულ ენას ასწავლის, ამბობს, რომ გოგონები მერვე-მეცხრე კლასიდან თხოვდებიან ან ინიშნებიან და სკოლას არ ამთავრებენ.

„ეს მხოლოდ სკოლის პრობლემა არ არის, ესა სოციალური პრობლემაა,“ გვითხრა მან. ამბობს, რომ სახელმწიფოს ნაადრევი ქორწინებების აღკვეთის ბერკეტი არ გააჩნია.

„ჩემს მოსწავლეებს, ბიჭებსაც და გოგონებსაც, რომ ჰკითხოთ, ყველა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგია, თუმცა მათზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ მშობლები, ტრადიციები, რელიგია…“ ამბობს ლელა ჯინჭარაძე.

მას მიაჩნია, რომ სოფლის სიტუაცია ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორია. ქორწინებები მშობლების გადაწყვეტილებით ხდება ისე, რომ ისინი შვილებს არაფერს ეკითხებიან.

„მეცხრე კლასში უკვე თითქმის გოგონა აღარ გვყავს.“

როგორც წესი, გოგონებს უცხო ადამიანებზე ათხოვებენ. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ბიზნესი აქვს რუსეთში, ან ვიღაც ბაქოდან. 13-14 წლის გოგონები, ჩვეულებრივ, 24 წლის ზევით მამაკაცებს  მოჰყავთ ცოლად.

„გაუნათლებელი დედა ზრდის გაუნათლებელ შვილს, მოდის ეს თაობა ჩვენთან და ისევ ხელახლა იწყება ეს პობლემები, თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება. ნამდვილად ვერ შევადარებ იმას, რაც თუნდაც 2009 წელს იყო,“ ამბობს ლელა.

მუსლიმ აბუზაროვი, რომელიც დაწყებით კლასების მასწავლებელია, ასევე ადასტურებს, რომ სკოლებში გოგონები ადრე ინიშნებიან და თხოვდებიან.

“ეს ცუდია, ძალიან ცუდი,“ ამბობს ის და თავისი ქალიშვილის მაგალითით ამაყობს, რადგანაც მან ჯერ ბაქოში სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, მერე წარმატებული კარიერა ააწყო და მხოლოდ ამის შემდეგ გათხოვდა, 27 წლის ასაკში.

DSC_0242_copy_Duzagrama

ცეკვის გაკვეთილი დუზაგრამას სკოლაში. (DF Watch.)

დუზაგრამის სკოლის მეშვიდე კლასში ორი გოგონა უკვე დანიშნულია. მუსლიმის აზრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მშობლებს დაბალი შემოსავალი აქვთ და ურჩევნიათ, შვილები გაათხოვონ, ვიდრე სასწავლებლად გაუშვან.

„…ან კიდევ რომ ისწავლიან, ფული არ აქვთ, რომ სადმე წავიდნენ და მოეწყონ. რა უნდა ქნან, თხოვდებიან. აქ მასობრივად ასეა.“

მუსლიმი ყვება, რომ ერთი გოგონა მეთორმეტე კლასში სწავლობდა. მამამისი ავღანეთში მსახურობდა, ავად გახდა და გარდაიცვალა. ნათესავებმა გოგონას სწავლის ფული ვერ გადაიხადეს. ცოტა ხანში დაინიშნა. მისი ძმაც, რომელმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარა და უნივერსიტეტშიც მიიღეს, სასწავლებლად ვერ მიდის, რადგანაც ქალაქში ცხოვრებისთვის ფული არ აქვს, ამიტომაც დარჩა სოფელში.

ლელა ჯინჭარაძე ამბობს, რომ მასწავლებლები ცდილობენ, აუხსნან ბავშვებს, რომ ნაადრევმა ქორწინებამ შეიძლება ფიზიოლოგიურ დონეზე ცუდი შედეგები გამოიწვიოს.

„თუმცა ვცდილობთ, ფრთხილად ავუხსნათ, რათა არ იფიქრონ, რომ ჩვენ ვავიწროვებთ მათ.“

მასწავლებლების თქმით, სოფელში არავინ ჩამოდის ამ ან სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. თუ ვინმე არასამთავრობო ორგანზიაციიდან ან ტელევიზიიდან მოვა, ყველა იორმუღანლოში და ლამბალოში მიდის, მეზობელ სოფლებში, რადგანაც იქ უკეთესი გზებია და უფრო ახლოა. დუზაგრამამდე კი არავინ აღწევს.

DSC_0233_copy_Duzagrama

მუსლიმ აბუზაროვი 40 წელია, რაც ამ სკოლაში ასწავლის. (DF Watch.)

ჯინჭარაძის თქმით, სოფელში სამი ყველაზე მწვავე პრობლემაა: ადრეული ქორწინება, სკოლის გაცდენა იმის გამო, რომ ბავშვს მომთაბარე ოჯახი ჰყავს და მშობლების დამოკიდებულება სწავლისადმი, რადგანაც ბევრს არ სურს, შვილები სასწავლებლად სხვაგან გაუშვას.

ბიჭები, რომლებიც არ სწავლობენ, მამებს ოჯახის საქმეებში ეხმარებიან. ისინი ადრიდანვე ეჩვევიან ასეთ ცხოვრებას – შრომას სწავლის ნაცვლად.

„ეს აღმოსავლური ტრადიციები, რელიგია ხელს უწყობთ და ქალები არიან ცუდ დღეში. ბავშვებიც აქედანვე მომზადებულები არიან, რომ ასე უნდა იცხოვრონ და შეეგუონ.“

ჯინჭარაძის აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფელში უცხო ადამიანები მოდიოდნენ, ელაპარაკებოდნენ ხალხს, ბავსშვებს და მათ მშობლებს.

სულ დუზაგრამას სკოლაში სამასამდე ბავშვი სწავლობს, თუმცა ბევრი გაკვეთლებს აცდენს. ბევრი ოჯახი მომთაბარეა და თვეობით დაჰყავთ ცხვარი საძოვარზე. ამ დროს თან მიჰყავთ ბავშვებიც, რომელთაც სკოლის გაცდენა უწევთ, თუმცა სხვა გზა არ აქვთ, უნდა გაყვნენ ოჯახს.

„აქ შეიძლება, ადამიანი დაიბადოს და მოკვდეს ისე, რომ სოფელი ერთხელაც კი არ დატოვოს, რადგანაც მათ ეს არ სჭირდებათ.“

ბოლო წლებში აქ მცხოვრები ხალხი უფრო დაინტერესდა, რომ ქართული ენა ისწავლონ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. მთავრობამ არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართულის შესასწავლად სპეციალური პროექტი შეიმუშავა. აბარებენ ერთ ეროვნულ გამოცდას თავის ენაზე, შემდეგ ერთი წელი სწავლობენ მარტო ქართულს; ამის შემდეგ კი უკვე აგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტში.

ამ პროექტის გამო, ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, ბაქოს ნაცვლად, სადაც ჩვეულებრივ მიდიოდნენ-ხოლმე,  სწავლა თბილისში გაეგრძელებინა.

სკოლაში ქართულს პირველივე კლასიდან ასწავლიან და ის სავალდებულო საგანია.

ამის გარდა, სოფელში არის ქართული ენის სახლი და კიდევ ენის ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს და მოზარდებს შეუძლიათ, ქართული ისწავლონ.

ხაიალ გასანოვი ქართული ენის მასწავლებელია. ის ენის ცენტრში ასწავლის, რომელიც 2001 წელს დაარსდა. მისი თქმით, ახლა ქართულს ამ ცენტრში 38 ადამიანი სწავლობს, საიდანაც ექვსი მოზარდია, რამდენიმე ქალი და რამდენიმე გოგონა მეოთხე-მეხუთე კლასიდან.

ცენტრში ასწავლიან წერა-კითხვას და საუბარს, რისთვისაც დაახლოებით ერთი წელია საჭირო. ცენტრში ამჟამად სამი ქართულის მასწავლებელია.

მუსლიმ აბუზაროვი უკვე 40 წელია, ამ სკოლაში ასწავლის. ის დუზაგრამაში დაიბადა. სწავლობდა თბილისში და 1973 წელს აქ დაბრუნდა. მას შემდეგ დაწყებითი კლასების მასწავლებელია.

იხსენებს, რომ 10-15 წლის წინ სკოლაში 700-ზე მეტი მოსწავლე იყო, ახლა კი 300-მდეა.

ხალხი ტოვებს სოფელს. ზოგი აზერბაიჯანში მიდის, ზოგი რუსეთში ან თურქეთში. დღესაც მიდიან, რადგანაც სამუშაო არ არის და ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს მიწები, რომ იმუშაონ.

მუსლიმი ამბობს, რომ სკოლა ცოტა ხნის წინ გარემონტდა, მალე კი იატაკის შეცვლაც იგეგმება.

სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა ტრანსპორტია, რადგანაც მოსახლეობას ტაქსით უწევს საგარეჯოში სიარული. ცუდი გზებია და, ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა  ამას ყურადღებას არ აქცევს. სოფელში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც რამდენიმე ექიმი მუშაობს და მხოლოდ დიაგნოზის დასმა შეუძლიათ.

ოპერაციისთვის და სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის უახლოეს ქალაქში უნდა წავიდნენ. სასწრაფო დახმარების მანქანას 40 წუთი სჭირდება, რომ დუზარგამაში მივიდეს.